თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

რეკომნდაციები მსხვილი ბიზნესისთვის: რა ვალუტებში ვისესხოთ - ერთგვერდიანი შეჯამება

გასაკვირი არაა, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. მიუხედავად ამისა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ ამ ფორმატს ეთმობა, რაც ხელს შეუწყობს თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.

სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული. მოცემულ კონტექსტში, ჰეჯირება, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვევა, ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე მატერიალურ გავლენას არ ახდენს. მკითხველს მოეხსენება, რომ ჰეჯირების მაჩვენებლები ბიზნესის ტიპის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება - მაგალითად, საქართველოში ახალი ავტომობილების ფასი თითქმის მთლიანად უცხოურ ვალუტაში განისაზღვრება, მაშინ როდესაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, ბაზარზე დღესდღეობით დომინანტური შეხედულებისგან განსხვავებით, მეტწილად ლარშია დენომინირებული.

სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ფაქტორებია:

დივერსიფიკაცია - მაგალითად, მულტისავალუტო (დოლარი-ევრო-იუანის) კალათა, თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 40%-ით რეალური ლარის ეკვივალენტია, გაცილებით დაბალი ხარჯებით;
 
ჰეჯირებული სავალო სტრუქტურის შედეგად მეტი სესხის აღების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მეტი მომგებიანობა, სტრესული სცენარის გარეშეც;
 
ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების წონები;
 ბიზნესის ციკლურობა - მიმდინარე პრაქტიკისგან განსხვავებით, ციკლურ სექტორებში ლარის წილი მეტი უნდა იყოს;
 გაცვლითი კურსის მიმართ გაყიდვების ელასტიკურობა;
 გაცვლითი კურსის გადაცემის არაწრფივი არხის შედეგად, სავალუტო რისკის უფრო მეტად შემცირება, ვიდრე ამას ლარის წილის ზრდა მოიაზრებს;
 რასაკვირველია, საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი - თუმცა, არა ერთადერთ და გადაჭარბებული მნიშვნელობის ფაქტორად, როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია;
 
კონვერტაციების დანახარჯები;
 
საექსპორტო ბაზრები;
 
ლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება და მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზები - მათ შორის, ზედმეტად გამყარების ეპიზოდების ჩათვლით, როგორც ამაზე 2023 წელს მივუთითებდით;
 
ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება - არის თუ არა მიზანშეწონილი იმ ვალუტაში სესხება, რომელიც სტრესულ ეპიზოდებში მყარდება, და რამდენად რელევანტურია დღევანდელი მდგომარეობით ე.წ. „დოლარის ღიმილი"? 
 
რაზე მიუთითებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შემდეგ აშშ დოლარის გამყარება - უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებაზე თუ აშშ-ზე, როგორც ნავთობის წმინდა ექსპორტიორზე, ან/და ინფლაციის მოლოდინების გამო საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე?

ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება საქართველოს კონტექსტში - რომელი ვალუტის მიმართ არის ლარი უფრო სტაბილური, ევროს თუ აშშ დოლარის? 
 
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩარჩოს მხოლოდ ერთი მდგენელის - გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების - გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.

დამატებითი დეტალები - მათ შორის, სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე - პუბლიკაციაშია ხელმისაწვდომი. 

დასკვნის სახით, მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს. გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007451-which-currencies-to-borrow-in



თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ეთერ ქემერტელიძეს